„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობას, რომელზეც აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის ფართების გადაცემას აპროტესტებენ, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრებიც შეუერთდნენ.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობდან" მარიკა დათუკიშვილმა განაცხადა, აქციაზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იმყოფება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა თბილისსა და მთელს საქართველოში.
„ბიძინა ივანიშვილის ახირებები უცხო არ არის, მაგრამ ეს იყო იმდენად უპრეცედენტო, ყველანაირად დარღვეული ყველა კანონი, იმდენად ცინიზმით სავსე იყო ეს გადაწყვეტილებები, რომ ამან გამოიწვია სწორედ ამდენი ადამიანის აქ შეკრება,“-განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.
მარიკა დათუკიშვილთან ერთად, მსვლელობაში მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძეც, რომელიც აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოს უმრავლესობამ მიიღო არის სამარცხვინო. ირაკლი ნადირაშვილის თქმით ის გამოაძევეს ამ სხდომიდან და საკრებულომ გადაწყვეტილება სუს-ის და ზონდერების თანდასწრებით მიიღო.
„ჩვენ ახლა მივდივართ არაფორმალურ კანცელარიაში, სადაც არაფორმალური მმართველი ზის“-ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საპროტესტო მსვლელობის დროს გააკეთა. მისი თქმით ეს არის გამაფრთხილებელი მსვლელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ გააყალბებს არჩევნებს.
აქცია დაახლოებით ერთი საათის წინ მეტროსადგურ რუსთაველთან დაიწყო. საპროტესტო მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება.
ოპოზიცია საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს თაბორის მთასა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა სიმბოლურ ფასად გადაეცა.