გიორგი ბარამიძის განცხადებით საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეები გამოხატავენ არა „ნაციონალურ მოძრაობის“ პოზიციას, არამედ მთელი ქართული საზოგადეობის დამოკიდებულებას იმ თავხედური ქმედების მიმართ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა. გიორგი ბარამიძის თქმით ივანიშვილმა საქართველოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გადააქცია და მოირგო თავის თავზე.
„თავხედურად, როგორც უნდა კონსტიტუციას ისე ჭრის და კერავს, როგორც უნდა ისე გლიჯავს ხეებს და თავის ბაღში რგავს, როგორც უნდა მიწას ერთ ლარად იკანონებს“,განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით ის დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს ეტყვის "არას" 21 ოქტომბერს. გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირებები ისეთივე ცინიკური სიცრუეა, როგორიც იყო ხალხის დასაქმებასთან დაკავშირებით, ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით მიცემული პირობა.
„ეს აქცია არის მართლაც გაბრაზებული ადამიანების აქცია, რომლებისთვისაც სულ ერთი არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომელიც ხელში ჩაიგდო ამ გათავხედებულმა ოლიგარქმა,“-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო მსვლელობას მართავს. ოპოზიცია საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას სიმბოლურ ფასად მიწის ფართობები გადაეცა. მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება.