„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულებულია. ამ დროისთვის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის შესასვლელს იმ პლაკატებისგან ასუფთავებენ, რომლებიც აქციის მონაწილეებმა დატოვეს. საუბარია ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებაზე, რომელსაც ახლავს წარწერა - "პოლიტიკური ფაროსანა."
„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საპროტესტო მსვლელობა პარტიამ მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას 1 ლარად პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის მიმდებარე მიწის ფართობები გადაეცათ.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩვენი ქვეყნის მთავარ ფაროსანასთან, რომელიც მართლაც შემოსეულია საქართველოზე და ის და მისი გუნდი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი წაგლიჯონ ამ ქვეყანას. ამათი მადა არის უზგო და უკვლო. არ მთავრდება უბრალოდ. არ ყოფნით ის, რაც უკვე მიიტაცეს ამ ხუთი წლის განმავლობაში და რაც წაღლიტეს ქართველ ხალხს, ახლა გადავიდნენ უკვე თბილისის მთავარ ნაწილებზე და მთავარ რეკრიაციულ ზონებზე. ეს უნდა დავამთავროთ ჩვენ 21 ოქტომბერს,“-განაცხადა ზალიკო უდუმაშვლმა.
მისი თქმით ერთხელ და სამუდამოდ ქართველმა ხალხმა უნდა უთხრას "არა" იმ ბანდიტიზმს, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ზალიკო უდუმაშვილის თქმით არავინ დაუთმობს ბიძინა ივანიშვილს თბილისის ცენტრს.
მან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციას "შუშის კოლბა" უწოდა და აღნიშნა, რომ არ მისცემს მას უფლებას გააყალბოს თვითმმართველობის არჩევნები.
„ღმერთი არავის გაუწყრეს და 21 ოქტომბერს ხელი არ აღმართოს ხალხის ხმაზე. ახლა ხომ ხედავენ რამდენი ადამიანია გამოსული ქუჩაში, ათი ადამიანი გამოვა და დაიცავს საკუთარ არჩევანს. ჩვენ ამ არჩევნებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
აქციის მონაწილეებს სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამაც მიმართა, რომელმაც თქვა, რომ მთელს საქართველოს ატყუებდა ბიძინა ივანიშვილის, როდესაც საკუთარ რეზიდენციას აშენებდა, რომ ინვესტიცია ხორციელდებოდა, თუმცა საბოლოოდ ხალხმა მიიღო საცხოვრებელი სახლი.
„დღესაც წლების შემდეგ გვეუბნებიან, რომ შუაგულ თბილისში, პუშკინის სკვერში ინვესტიციას ახორციელებსო ბიძინა ივანიშვილი. ასეთი ცინიზმი დიდი ხანია თბილისელებს არ მოუსმენია,“-განაცხადა ნიკა მელიამ.