18 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
მთავრობამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი გაასხვისა

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი სახელმწიფო საკუთრებაში აღარ არის. ისტორიული შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მთავრობამ ინვესტორს, შპს "იალონს" მიწის ფართობის სანაცვლოდ გადასცა. საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც თითქოსდა საქალაქო სასამართლოს გაფართოებისთვის სჭირდება, მაგრამ ეს ნაკვეთი არც უშუალოდ სასამართლოს გვერდით მდებარეობს და თან ზედ მაღალი ძაბვის ანძები დგას. უცნაურია ისიც,  რომ სასამართლო შენობის გარშემო არაერთი ათასი კვადრატული მეტრი მიწაა სახელმწიფო საკუთრებაში. სპეციალისტების დაინტერესებას სწორედ ეს ფაქტი იწვევს. იურისტებისთვის  გაუგებარია რაში დაჭირდა სახელმწიფოს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის გაცვლა იმ ფართში, რასაც ვერ გამოიყენებს.

თბილისის ბალნეოლოგიურგი კურორტის ხელში ჩაგდებას წლების განმავლობაში არაერთი კომპანია ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად კი კურორტის მფლობელი ის კომპანია გახდა, რომელსაც ისტორიული თბილისის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნის.
ინვესტორი "იალონის" უკან "მეიდან ჯგუფი" დგას, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ცდილობდა კურორტის პრივატიზებას. რატომ ეთქვა მაშინ უარი და რა შეიცვალა ახლა ეს სწორედ ის კითხვებია, რომელსაც იურისტები სვამენ. გარიგების მიხედვით კი ორ ქონების ღირებულებას შორის განსხვავების, 2 მლნ. 400 000 ლარის გადახდა კომპანიას დაეკისრა, დამატებით პირობად კი განისაზღვრა 9.5 მლნ. ლარის ინვესტიციის ჩადება და სამედიცინო პროფილის სამუდამოდ შენარჩუნება. 

დღის ამბები