ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. მომხდარ ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ. აფეთქების შედეგად 3 ადამიანია დაშავებული. ისინი სტაციონარში არიან გადაყვანილი.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ორი დაშავებული დამწვრობის ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, 62 წლის მამაკაცს მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის თქმით, მეორე პაციენტი უკვე გაწერეს, რომელსაც ზედაპირული დამწვრობა აღენიშნებოდა.
როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 5 სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. უწყების ინფორმაციით, ცეცხლი დიდ ფართობზე არ გავრცელებულა.
გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებულია შენობის სახურავი და დანადგარი.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.