გორის გვირაბთან დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში განახლდა. მოსამართლე დღეს მხარეების შესავალ სიტყვას მოისმენს, რის შემდეგაც ბრალდების მოწმეების დაკითხვა დაიწყება.
ბრალდებას 70 მოწმე ჰყავს. უცნობია, რამდენის დაკითხვა მოესწრება დღეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ზურაბ რუსიშვილს, გია სადაღაშვილს და ნუკრი ხაბელაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედებათ.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ასრულებდნენ რა ხელმძღვანელის სავალდებულო ბრძანებას, ისინი კანონით დადგენილი წესით, არ აგებენ ამაზე პასუხს. ჩვენ სასამართლოს დავარწმუნებთ იმაში, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან უდანაშაულო წარდგენილ ბრალდებაში და ეს აუცილებლად დადასტურდება სასამართლო განხილვებით,“ - აცხადებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.
შეგახსენებთ, რომ ბექა ხახუბია გორის მაგისტრალზე, გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა, რა დროსაც მის დევნას და ჩასაფრებას საპატრულო პოლიცია ახორციელებდა.