თბილისში გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ ბოლო 3 წელია დედაქალაქი სწორი მიმართულებით არ ვითარდება. სოციოლოგიური კვლევა "თბილისის მოსახლეობის საჭიროებები" ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველომ" წარმოადგინა. გამოკითხვა ივლისის მეორე ნახევარში ჩატარდა და 3 000-მდე რესპონდენტი მოიცვა.
ყველაზე მწვავე პრობლემებად თბილისელები სოციალურ დაცვას, ქაოტურ ახალ მშენებლობებს, გაჩეხილ გამწვანებას და საზოგადოებრივ წესრიგს ასახელებენ.
გამოკითხული მოსახლეობა დადებითად აფასებს დასუფთავების, განათებისა და ტურისტული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
„ეს არის კვლევა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მუნიციპალურ ხელისუფლებას, თუნდაც ბიუჯეტი დაგეგმოს მოსახლეობაში არსებული პრიორიტეტების შესაბამისად. ეს არის უნიკალური კვლევა, ოქროს მასალა, იმ თვალსაზრისით, რომ თავად მოსახლეობიდან წამოსული პრობლემების რეპრეზენტაცია ხდება,“ - განმარტავს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი.