18 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
"დაცხრილულია საარჩევნო ბანერები" - ლიდერთა საბჭო ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

14 პარტიისგან შემდგარი ლიდერთა საბჭო სახელისუფლებო პარტიას ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ წინასაარჩევნო გარემო არათანაბარი და უსამართლოა. პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაცხრილულია საარჩევნო ბანერები და მიმდინარეობს მუქარა ოპოზიციური კანდიდატების მისამართით.

„ჩვენი მერობის კანდიდატის ბარბაქაძის ბანერი დაცხრილეს საჯაროდ დმანისის ცენტრში,“ -განაცხადა „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა.

დღეს ოპოზიური პარტიების ლიდერებმა გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო დამკვირვებლებს გადაუგზავნეს. მათი თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან ერთად, ხელისუფლებამ მათ ფინანსური რესურსიც გადაუკეტა და ოპოზიციას კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას არ აძლევს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ჯიბიდან დაფინანსებული ხალხი დაჰყავს „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო შეხვედრებზე. მისივე თქმით, მათთან დაახლოებულ პარტიებს აქვთ ასეთივე ხელზე აღებული ფული.  

დღეს ლიდერთა საბჭოს ხმაურიანი ბრალდებები ოპოზიციის მისამართითაც ისმოდა, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა „ევროპული საქართველო“ „ქართული ოცნების“ სატელიტობაში დაადანაშაულა.

„ჩვენ ვხედავთ იმ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება „ქართული ოცნება“ და ბოკერიას პარტია, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა სატელიტების და „ქართული ოცნების“ გამოყენებით გაიხანგძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა,“ - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.  

მისივე თქმით, ხელისუფლება ემზადება ძალიან სერიოზული გაყალბებისათვის. 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერიც ფიქრობს, რომ ხელისუფლება არჩევნებში გასაყალბებლად ემზადება. შალვა ნათელაშვილის თქმით შედეგები იქნება ძალიან მძიმე ივანიშვილის რეჟიმისთვის.

 

  

დღის ამბები