ირაკლი ოქრუაშვილისა და ალეკო ელისაშვილის შეხვედრის ამსახველ კადრებს, რომელიც სააგენტო „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ეხმაურება.
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლება სუს-ის დახმარებით ავრცელებს რაღაც კადრებს და არ აქვთ უნარი იმის, რომ ნორმალური წინასაარჩევნო კამპანია აწარმოონ.
ელენე ხოშტარიას მსგავსად „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი მარიკა დათუკიშვილიც ფიქრობს, რომ ხელისუფლება დღეს აქტიურად თანამშრომლობს სუს-თან და რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ეს უწყება უფრო მეტად გააქტიურდა.
„ეს არის სუს-ის მიერ გადაღებული და გავრცელებული კადრები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას უთვალთვალებენ“,-აცხადებს მარიკა დათუკიშვილი.
ოპოზიციონერ კოლეგებს ეთანხმება კახა კუკავაც. მისი თქმით სამწუხაროა, რომ საქართველოში ფარული მიყურადება და თვალთვალი გრძელდება განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ „ლეიბორისტულ პარტიაში.“ გიორგი გუგავა ფიქრობს, რომ ეს შეხვედრა უკავშირდება დაფინანსების მოპოვებას.
„ოქრუაშვილს ძირითადად იმიტომ ხვდებიან და იმიტომ ეპარტნიორებიან, რომ გამოიყენონ მისი ფინანსები და ამავე დროს ოქრუაშვილს გააჩნია ასევე ავი ზრახვები პოლიტიკაში და ის დაახლოებით არის ტროას ცხენი“-განაცხადა გიორგი გუგავამ.
შეხვედრას ეხმაურება „მმართველი გუნდიც.“ მამუკა მდინარაძის განცხადებით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნებისმიერ შეხვედრას ამომრჩეველთან ატარებს ღიად და საჯაროდ, რაც შეეხება ოპოზიციონერ კანდიდატებს მისი თქმით უცნაურია რაში სჭირდებათ მათ ფარული შეხვედრები. ის ასევე აცხადებს, რომ დაბრალება თითქოს კანდიდატებს სუს-ი უთვალთვალებს არის აფსურდული.
„დაბრალება არის თავდაცვის ყველაზე კარგი მეთოდი,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრის ამსახველი კადრები „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით ფარული ვიდეომასალა თბილისში, რესტორან „ურმულშია“ გადაღებული.
ალეკო ელისაშვილს ოქრუაშვილმა მხარდაჭერა ღიადაც გამოუცხადა სოციალური ქსელის მეშვეობით. მერობის კანდიდატი ამ ფაქტს არ უარყოფს და ამბობს, რომ შეხვედრა საჯარო სივრცეში, ღიად მოხდა.
ელისაშვილი სამომავლოდ პოლიტიკურ პარტნიორობას ოქრუაშვილთან გამორიცხავს.