ქუთაისის ერთ-ერთი სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია გახდა საჭირო. მიზეზი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე გახდა, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა და სკოლაში იმ დროს შევარდა, როდესაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. მოვარდნილმა წყალმა შენობის პირველი სართული მთლიანად დატბორა, ამავდროულად სკოლასთან ახლოს მდებარე ელექტროქვესადგურსაც აფეთქების საშიშროება შეექმნა. სახანძრო და სამაშველოს სამსახურის ბრიგადებმა ბავშვების და პედაგოგების ევაკუაცია განახორციელეს.
ქუთაისის პარალელურად სტიქიას ებრძვიან გურიასა და აჭარის საზღვაო სანაპიროზე, სადაც საგანგებო ვითარებაა შექმნილი. წვიმა, ადიდებული მდინარეები და შტორმი ზღვაზე საავტომობილო და საზღვაო მიმოსვლას აფერხებენ. დატბორილია მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.