საქართველო გმირებს ემშვიდობება. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 გმირს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამების საკათედრო ტაძრიდან აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები უკვე გამოასვენეს.
მათ ნაწილს დიღომში ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. მამია ალასანიას კი, ნარიყალაზე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოში. ხოლო ნაწილი კი, ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, გადაასვენეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს დილიდან იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები.
პანაშვიდს დაესწრო საქართველოს პრემიერმინისტრიც.
„ამ ძმათა მკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი, მათი საქციელი კიდევ არა ერთი თაობისთვის იქნება სულიერო სიმტკიცის წყარო და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე. დარწმუნებული ვარ გარდაუვალია, რომ ჩვენ ქართველები და აფხაზები და ოსები დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მნიშვნელოვანი უწოდა დღევანდელ დღეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა. მან აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა ღვაწლზე ისაუბრა.
„დღეს იმ სევდასა და ტკივილთან ერთად, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის, ასევე არის ერთგვარი შვების განცდაც, იმიტომ, რომ პირველად 24 წლის შემდგომ თითოეულ ჩვენგანს პირველ რიგში კი, ამ გმირების ოჯახის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ დაიტირონ საკუთარი ახლობლები მათ საფლავებზე,“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ ოპოზიციის ლიდერებიც.
„24 წელი ელოდებოდნენ ოჯახები ამ დღეს, დღეს თითოეული ჩვენთაგანი ქედს იხრის ამ მართლაც თავდადებული გმირების წინაშე. ისინი 24 წლის წინ ფარად გადაეფარნენ საქართველოს და მის დამოუკიდებლობას. თითოეული მათგანი არის მაგალითი თაობებისთვის, მაგალითი იმისა თუ რას ნიშნავს თავდადება და რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული,“ - განაცხადა „ენმ“-ის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა.
დღევანდელ დღეს უმძიმესი უწოდა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა. შალვა ნათელაშვილი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა პანაშვიდზე იმყოფებოდა.
„სამართალი ელოდება აღსრულებას, ამ ბიჭების მკვლელნი დღეს არიან მინისტრები, გამგებლები, გუბერნატორები, გენერლები, ზოგიერთი მემუარებს წერს უკვე, როგორ მოგვისპო საჯიშე თაობა და გაისტუმრა იმ ქვეყნად გმირები, რომლებსაც სამშობლო ედოთ სულად და გულად,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.