სახალხო დამცველის აპარატმა სასწავლო დაწესებულებებში მოზარდების მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის შესახებ პირველი მასშტაბური კვლევა ჩაატარა.
უჩა ნანუაშვილის უწყებამ ყველაზე მძიმე ძალადობის 47 შემთხვევაზე მოკვლევაც დაიწყო. ომბუდსმენი ამ საქმეებზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დადგომასაც არ გამორიცხავს.
კვლევის შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ მოსწავლეთა 42,5% და სკოლის თანამშრომელთა 13,9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას, თითქმის ამდენივე წამორტყმასა და ცემას.
სკოლებში არსებულ მდგომარეობასა და კვლევის შედეგად გამოვლენილ ფაქტებში ეჭვი არ შეაქვს განათლების სამინისტროს. უწყებაში აღიარებენ, რომ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია.
კვლევაში მონაწილეობა, ქვეყნის მასშტაბით, 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მერვე-მეთორმეტე კლასის 2000-მდე მოსწავლემ და სკოლაში დასაქმებულმა 1800-მდე პედაგოგებმა, მანდატურებმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. ამ მასშტაბის მონიტორინგი საქართველოში პირველად ჩატარდა.