რა პრობლემები აქვთ ძველ თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას? - არჩევანთან მოქალაქეების დიდი ნაწილი ამორტიზებულ სახლებზე საუბრობს, რომელთა შეკეთების უფლებას, ძეგლის სტატუსის გამო, კანონი არ აძლევთ, მუნიციპალიტეტიდან კი იღებენ პასუხს, რომ სახელმწიფოს გამაგრებითი სამუშაოების დასაფინანსებლად საშუალება არა აქვთ.
„მანქანები, რომ დადიან ბატუტზე ვართ,“ - აცხადებენ ძველ თბილისში.
მათი თქმით გაკეთდა კალაუბანი, თუმცა არის ქუჩები, სადაც უკიდურესი მდგომარეობაა. მოუწყობელია ასევე კანალიზაცია და სანიაღვრე არხები, რის გამოც, მოსახლეობის თქმით, ისტორიულ უბანში, განსაკუთრებით კი ზაფხულში, სუნი დგება.
ადგილობრივები ასევე საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობას ითხოვენ და ამბობენ, რომ ყოველ დღიურად ამ უბანს ათასობით ტურისტი სტუმრობს და ისინი მოსახლეობას სთხოვენ, საკუთარ სახლებში შეუშვან საპირფარეშოთი სარგებლობისთვის.
მოსახლეობა ასევე ეკოლოგიურ პრობლემებს უჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძველი თბილისი მჭიდროდ არის დასახლებული და ამას ემატება მანქანების გამონაბოლქვიც.
„სუნთქვა აღარ შეიძლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრება აღარ შეიძლება,“ - აცხადებენ ძველ თბილისში.