თელოვანი, დიდგორი, სოფელი დიღომი, დიდი ლილო, პატარა ლილო, ოქროყანა , შინდისი, წავკისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთი , დიდება, ახალდაბა, წყნეთი - როგორ ცხოვრობს თბილისს შემოერთებული სოფლების მოსახლეობა?
მთავარ პრობლემად ხალხი მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობას ასახელებს. ამბობენ, რომ კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ. სატრანსპორტო საშუალებას ვერ იყენებენ ისინიც, ვისაც საკუთარი მანქანა ჰყავთ, რადგან საწვავის ფული არა აქვთ. მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობს.
თბილისს შემოერთებულ სოფლების უმეტეს ნაწილში არ არის გზა და სასმელი წყალი.
„სასწრაფოც კი ვერ ამოდის,“ - ამბობენ ადგილობრივები.
სოფლებს არა აქვთ სკოლა და საბავშვო ბაღი.
მოსახლეობის დიდი ნაწილი პროდუქტებზე ფასების მატებას უჩივის.
„ხალხს არა აქვს პურის ფული, ერთი ჰაერი გვაქვს, რაა,“ - აცხადებენ ადგილობრივები.
ნაგავსაყრელის გამო, გაუსაძლის სუნს უჩივიან დიდი ლილოს მცხოვრებლები. ამბობენ, რომ კვამლი, რომელსაც ნარჩენები ბუნებრივი წვის შედეგად გამოყოფს, მთელს სოფელში ვრცელდება, რაც შესაძლოა, სხვადასხვა დაავადებების მიზეზი გახდეს.
ადგილობრივების თქმით, ხელისუფლებას ხალხი არჩევნების დღეს ახსენდება, არჩევის შემდეგ კი მათი ბედით არავინ ინტერესდება.