18 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
"თქვენს შვილებს დავიჭერთო"-ასპინძის გამგებლის მტკიცებით სუს-ი გამგეობის თანამშრომლებს აიძულებს თანამდებობები დატოვონ  

ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე ადასტურებს, რომ სუს-ის მხრიდან გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს. ლევან ცაბაძე „ქართული ოცნების“ წევრია, თუმცა ის არჩევნებში კენჭს მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის. ლევან ცაბაძე ამბობს, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ასპინძაში სუს-ის გააქტიურება. გამგებლის თქმით ისინი ცდილობენ, რომ დააშინონ გამგეობის თანამშრომლები და შექმნან იმიტაცია, თითქოს ლევან ცაბაძე მათ აიძულებს თანამდებობა დატოვონ. ცაბაძე ამბობს იმასაც, რომ გამგეობის თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოჯახის წევრების დაჭერით ემუქრება.

ასპინძის გამგეობა 7-მა თანამშრომელმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით მათ პოსტები სუს-ის ზეწოლის შედეგად დატოვეს. თავად ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც მათი ნაწილი ამბობს, გადაწყვეტილების მიზეზი საშემოდგომო მოსავლის აღება გახდა.

ლევან ცაბაძე კი ამბობს, რომ მათ ეშინიათ და მსგავს განცხადებებს ამიტომ აკეთებენ.

„ამ ადამიანების უმეტესობა იმყოფებოდა შვებულებაში. არანაირი საჭიროება არ იყო იმის, რომ შვებულებაში მყოფ ადამიანებს დაეწერათ განცხადება წასვლაზე,“-განაცხადა ლევან ცაბაძემ.

გამგებლის თქმით მასთან პირად საუბარში ყოფილი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება სუს-ის ზეწოლის შედეგად მიიღეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ასპინძის გამგეობის მოქმედი თანამშრომელი. მელიორაციის სამსახურის უფროსი გიორგი ბერიძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მის დაშინებასაც ცდილობდნენ და ეს ლევან ცაბაძის საარჩევნო კამპანიას უკავშირდება.

„როგორც კი დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია, ბატონმა ლევანმა, როდესაც თქვა რომ დამოუკიდებელად უნდა იყაროს კენჭი, მეორე დღესვე დამადგა ანტიკორუფციული სამსახური, ფერმა გვაქვს საოჯახო ძალიან დიდი ხანია. დაგვადგნენ,  წამიყვანეს. გინდა თუ არა თქვი,  რომ ლევანის საქონელი გყავს, მის საქონელს უვლი და იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. პირველი ბრძოლა ამით დაიწყო. გყავთ შვილები თბილისში, იმას ჩავიდებთ, ამას ჩავუდებთ,“- განაცხადა გიორგი ბერიძემ.  

დღის ამბები