დაპირისპირება და საპროტესტო აქცია თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში - სასწავლო დაწესებულებაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ბავშვების ნაწილი დღეს გაკვეთილებზე ქიმიის მასწავლებლის სოლიდარობის ნიშნად არ შევიდნენ.
საქმე ეხება ქიმიის მასწავლებლის სკოლიდან შესაძლო გაშვებას, რის მიზეზადაც მოსწავლეებზე მის მიერ განხორციელებული ზეწოლა სახელდება.
მოსწავლეების პროტესტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა 67-ე სკოლის დირექტორმა, რომელიც სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურად მართულს უწოდებს.
„დისციპლინარული კომიტეტი დადებს თავის დასკვნას და თუ ფაქტი დადასტურდა ბუნებრივია სკოლა ვერ დახუჭავს თვალს და ექნება რეაგირება. დღევანდელი პროცესი, რამდენიმე მოსწავლის გარეთ გამოსვლა ეს არის მართული პროცესი,“-აცხადებს №67-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა თავართქილაძე.
დღეს სკოლასთან მცირე შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი, მოსწავლეების მშობლებს სკოლის იურისტი დაუპირისპირდა. დოდო კეზუას ადვოკატმა მარინა ძამასაშვილმა განაცხადა რომ ის სკოლაში ვითარებაში გარკვევის მიზნით მივიდა და მოსწავლეებთან გასაუბრება სურდა, თუმცა იურისტი სკოლაში არ შეუშვეს.
„დირექტორი აცხადებს, რომ თუ ბავშვები არ შევლენ მათი დამრიგებელი გათავისუფლებული იქნება, სკოლიდან გააგდებენ. მასწავლებელი გახდა ცუდად და ბავშვები აწყნარებენ. ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი. თითოეული ბავშვი ზეწოლის ქვეშ არის,“-განაცხადა დოდო კეზუას ადვოკატმა მარინა ძამსაშვილმა.
სკოლაში აცხადებენ, რომ დირექტორს პედაგოგის სამსახურიდან გაშვება აქვს განზრახული. მოზარდების თქმით, სკოლის 3 მოსწავლეს იძულებით დააწერინეს განცხადება, თითქოს აღნიშნული მასწავლებელი ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობდა. მოსწავლეების თქმით, ბავშვებს, რომელებიც დღეს სკოლასთან მიმდინარე აქციაში მონაწილეობდნენ დირექტორი ოქროს მედლის ჩამორთმევით დაემუქრა.
67-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა სოციალური მუშაკიც. თეა ელიზარაშვილის ინფორმაციით, სოციალური მუშაკის გამოძახება ცხელი ხაზის მეშვეობით მოხდა.
მისივე თქმით, სოციალური სამსახური სასწავლო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას შეისწავლის და შეეცდება გაარკვიოს ჰქონდა თუ არა პედაგოგის მხრიდან მოსწავლეებზე ზეწოლას ადგილი.
ქიმიის მასწავლებლის მიერ მოსწავლეების შეურაცხყოფაზე საუბრობს მშობელთა ნაწილი. მათი თქმით, ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას გამო 67-ე საჯარო სკოლა რამდენიმე მოსწავლემ დატოვა და სხვა სკოლაში გადავიდა.