მორიგ ასწლოვან ხეს ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში სამეგრელოდან, კერძოდ სოფელ ინგირიდან გადარგავენ. ინგირში, ჭეჟიების ოჯახში საუკუნოვანი მუხის გარშემო ფუნდამენტი უკვე ამოღებულია, და გიგანტურ მცენარეს უახლოეს მომავალში საავტომობილო პლატფორმაზე გადაიტანენ.
ინგირიდან შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიურ პარკამდე დაახლოებით 90 კილომეტრის საავტომობილო გზაა, თუმცა უცნობია, ხეს ხმელეთით წაიღებენ თუ საზღვაო ბარჟით.
გიგანტურ ხეებს ყოფილი პრემიერის ეზოში გადასარგავად სამეგრელოს კიდევ რამდენიმე სოფელში ამზადებენ. თუმცა, "კურიერის" ჯგუფს ამ პროცესის გადაღების საშუალება სამუშაოების მწარმოებელმა პირებმა არ მისცეს. "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, სამუშაოების მწარმოებელმა პირებმა გადატანის სამუშაოების გადაღების დროს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თავად სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებენ.
“კანონის დაცვით ვმოქმედებთ, გვაქვს ხელშეკრულება დადებული და ვასრულებთ იმ სამუშაოებს, რაც ჩვენ მითითებული გვაქვს, გადაგვაქვს ურეკში. შეთანხმებულია კერძო პირთან, ხელშეკრულებაც დადებული გვაქვს,“ - განაცხადა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელმა.
ასევე ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი სოფელ ინგირში 20 დღის წინ იმყოფებოდა, რა დროსაც მოხდა ხის მეპატრონესთან შეთანხმება. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ხეს სავარაუდოდ, შეკვეთილში გადაიტანენ.
ავტორი: ემა გოგოხია.