18 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
67-ე სკოლის სამეურვეო საბჭო ქიმიის მასწავლებლის წინააღმდეგ შესულ განცხადებას განიხილავს

67-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო ამ წუთებში იმ განცხადებას განიხილავს, რომელიც სკოლის დისციპლინალურ საბჭოში ქიმიის მასწავლებლის წინააღმდეგ შევიდა. საუბარია ამავე სკოლის რამდენიმე მოსწავლის მიერ დაწერილ ერთობლივ საჩივარზე, სადაც აღნიშნულია, რომ პედაგოგი ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობს.

სხდომას ესწრებიან მხოლოდ ის მშობლები, რომლებიც დირექტორს ეთანხმებიან. მშობლების ნაწილმა კი, რომლებსაც სურთ ქიმიის მასწავლებელმა თანამდებობა შეინარჩუნოს, სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ შევიდნენ.

„სინდისი არ მომასვენებდა ის უსამართლობა, რაც სუფევს და რასაც ადგილი აქვს დოდო მასწავლებლის წინააღმდეგ, რომ მე დღეს ჩემი აზრი არ დამეფიქსირებინა. ეს არის საუკეთესო პედაგოგი, თან გადაყოლილი ბავშვებზე, ბავშვები ნატრულობენ მის დაბრუნებას. იგი იქნა აბსოლუტურად უსამართლოდ გათავისუფლებული,“ - განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრმა ეკატერინე ფანქველაშვილმა.

სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომას წინ უძღოდა მოსწავლეების პროტესტი. მოსწავლეების ნაწილი დღეს გაკვეთილზე არ შევიდა, მოზარდების თქმით, დირექტორს მათი ქიმიის მასწავლებლის სამსახურიდან გაშვება უნდა და ამ მიზნით მან სკოლის 3 მოსწავლეს იძულებით დააწერინა განცხადება, თითქოს აღნიშნული მასწავლებელი ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობდა. თავად დირექტორმა მოსწავლეების პროტესტს მართული უწოდა.

ბავშვებს ეთანხმება მშობლების ნაწილი, რომლებიც სამეურვეო საბჭოს წევრებიც  არიან. ამბობენ, რომ არსებობს აუდიტის დასკვნაც, სადაც საუბარია იმაზე, რომ დირექტორი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს, როგორც მოსწავლეებზე ასევე მასწავლებლებზე. უთვალთვალებს საგაკვეთილო პროცესს. მშობლები ამბობენ, რომ სწორედ დირექტორმა მარიამ თავართქილაძემ უნდა დატოვოს თანამდებობა და არა ქიმიის მასწავლებელმა.  

თუმცა არიან მშობლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მიყურადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

გავრცელებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და თანამდებობას სკოლის დირექტორი დატოვებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები