18 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
უკრაინიდან მიხელ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის სამი წევრის დეპორტაცია განხორციელდა

მიხელ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის სამი წევრის დეპორტაცია კიევიდან - დავით მაკიშვილი, მიხეილ აბზიანიძე და გიორგი რუბაშვილი სპეცდანიშნულების თანამშრომლებმა თბილისში სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვის წევრების თქმით, დეპორტაცია უკანონოდ მოხდა და კიევიდან გამოძევების რეალური მიზეზები მათთვის არავის განუმარტავს. ისინი მომხდარს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას უკავშირებენ. დავით მაკიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ საქმეში ქართული მხარეც იყოს ჩართული. სამივე დეპორტირებული სამართლებრივი გზით ბრძოლის გაგრძელებას და უკრაინაში დაბრუნებას აპირებს.

„ეს ცალსახად უკავშირდება იმას, რომ მე პირადად ვახლდი მიხეილ სააკაშვილს პოლონეთთან უკრაინაში გადმოსვლის დროს და დღეს უკრაინის მთავრობა ყველანაირად ცდილობს სააკაშვილს ჩამოაცილოს ის ერთგული ადამიანები, რომლებიც მის გვერდში არიან და მის უსაფრთხოებაზე ფიქრობენ და შესაბამისად, უნდათ რომ დატოვონ მარტო,“ - განაცხადა დავით მაკიშვილმა.

მაკიშვილი აქვე მისი დეპორტაციის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ  მათი თბილისში გამოფრენა სპეცრეისით, შეიარაღებულ ხალხთან ერთად მოხდა. 

„მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ იყო სპეციალური პატარა თვითმფრინავი, გადაღობილი შუაზე, მაგრამ წინა სექტორში ისხდნენ სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული ხალხი, რომლებიც სავარაუდოდ უნდა იყვნენ ქართველი ეროვნების წარმომადგენლები. ვიზუალურობიდან გამომდინარე ვამბობ,“ - აცხადებს მაკიშვილი.

საკუთარი დეპორტაციის დეტალებს იხსენებს მიხეილ აბზიანიძეც და ისიც მაკიშვილის მსგავსად, დეპორტაციის მიზეზად მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის წევრობას ასახელებს.

დღის ამბები