18 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
მესამე სექტორი მთავარ დარღვევად დამკვირვებლების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვას ასახელებს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მედიაცენტრში არჩევნების შემაჯამებელი მონაცემები წარმოადგინეს. მესამე სექტორი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევებიდან „ქართული ოცნების“ დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტს ასახელებს.

„114 საჩივარი დავწერეთ და აქედან 106 ამას ეხებოდა, ამ კონკრეტულ საკითხს. მიგვაჩნია, რომ ეს ახალი ტენდენცია პრობლემური იყო რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ასეთი მეთოდებით მოსული ამომრჩევლის რეგისტრაცია და აღრიცხვა გარკვეულ ზეწოლას ახდენდა ამომრჩეველზე,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, ლევან ნატროშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ეს საკითხი ცესკომ პრობლემურად არ მიიჩნია.

აღნიშნული დარღვევაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორიც.

ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთიანობაში პროცედურული ხასიათის სერიოზული ტიპის დარღვევები არ დაფიქსირებულა, მსჯელობის საკითხია ის, არის თუ არა შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან ის ფაქტი, რომ საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობდა ამომრჩევლის რეგისტრაცია დამკვირვებლების მხრიდან.

რაც შეეხება საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვან საქართველოს”, ორგანიზაციის წარმომადგენლის, ირმა ბასილაშვილის, შეფასებით, არჩევნები ჩატარდა მშვიდ და სამართლიან გარემოში. ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო დარღვევებს, რომელიც ვერ იქონიებს გავლენას არჩევნების შედეგებზე.

დღის ამბები