თამაზ მეჭიაური, წინასწარი მონაცემებით, თიანეთის მუნიციპალიტეტში არჩევნებს უკვე აგებს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, პირველადი შედეგებით, მას 54%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე მეჭიაურის შტაბის წევრებმა, როგორც ისინი ამტკიცებენ, საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმელები და ცარიელი ბიულეტენები იპოვეს.
ვითარებაც მას შემდეგ დრამატულად შეიცვალა. კანდიდატი და მისი მხარდამჭერები არჩევნების წინასწარო შედეგებს ამ წუთებში თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აპროტესტებენ და ხმების ხელახალი გადათვლას ითხოვენ.
“დაიწყო თუ არა ხმების დათვლა, იმ წუთიდან წამოვიდა სახელისუფლებო კანდიდატის მხრიდან ზეწოლა კომისიის წევრებზე, კომისიის თავმჯდომარეზე პირდაპირ ზეწოლა,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ხმების გაყალბებას ცდილობს.
“20-ვე უბანზე საარჩევნო ოქმებით მოგება აქვს ბატონ თამაზ მეჭიაურს, მაგრამ სხვადასხვა ძალები ცდილობენ, გააყალბონ ხმები. ის, რაც თიანეთში ხდება, სცდება დემოკრატიული არჩევნების ზღვარს,“ - აღნიშნა აქციის მონაწილემ.
ბრალდებებს უპასუხეს ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციაში. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი განმარტავს, თიანეთში გუშინ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.