ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კენჭისყრის პროცესის დროს დაფიქსირებულ ხარვეზებთან დაკავშირფებით147 საჩივარი დაწერა.
ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის თავმჯდომარემ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ადგილი არ ჰქონია ძალადობის შემთხვევებს. თუმცა, მისივე განცხადებით, გამოიკვეთა ამომრჩეველთა ხნების კონტროლის შემთხვევები, რომელსაც საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეწეოდნენ.
„კარგად ორგანიზებულ და მასშტაბურ ხასიათს ატარებდა მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მონაცემების შეგროვება და მათი მობილიზება ხმის მიცემის მიზნით თბილისში. აღნიშული წარმოადგენდა კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე," -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საიას თავმჯდომარის განცხადებით, ცესკოს მიერ აღნიშნულთან მიმართებაში გაკეთებული განცხადება წარმოადგენდა ამ ქმედების ერთგვარ წახალისებას.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლის აღრიცხვის მიზანი არ იყო იმის დადგენა, რამდენი ადამიანი მივიდა არჩევნებზე, არამედ პარტია ცდილობდა, გაერკვია ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გარდა აღნიშნული დარღვევებისა, ადგილი ჰქონდა საიას დამკვირვებლებზე მუქარას, სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მისი ინფორმაციით, რიგი საჩივრებისა სასამართლოში განიხილება.