18 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
ამომრჩევლის აღრიცხვასთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარის განმარტება მესამე სექტორისთვის მიუღებელია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებას მესამე სექტორი ეხმაურება. საუბარია საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებთან დაკავშირებით თამარ ჟვანიას განმარტებებზე, რომელმაც თქვა, რომ ეს კანონდარღვევა არ არის და მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ განმარტავენ, რომ მსგავსი განცხადება ცესკოს თავმჯდომარის მხრიდან არის მიუღებელი და სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაინტერესდა ამ ფაქტებით.

„სრულიად გაუგებარია ჩვენთვის ეს პოზიცია, თუ რატომ ვერ ხედავენ ამაში  კანონდარღვევას. ეს უკვე აღარ არის დაკვირვება. დაკვირვების უფლებას აქვს გარკვეული შეზღუდვა იმიტომ, რომ სადღაც ზღვარი არსებობს, რა არის დაკვირვება და რა არის ხელშეშლა და ჩარევა,“ - აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი კი ამბობს, რომ არის შემთხვევები, სადაც ძალიან ცალსახად იკვეთება დარღვევა და არის ამის მტკიცებულებები, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია ძალიან ვიწროდ განმარტავს კანონს და ცდილობს, აარიდოს თავი შესაბამის მკაცრ სანქციებს.

მიხეილ ბენიძის თქმით, შესაძლოა, ამომრჩევლის აღრიცხვის ფაქტებშიც პირდაპირ ვერ დავინახოთ კანონდარღვევა, რადგან პირდაპირ არ წერია აკრძალვა, მაგრამ ამავე კანონში წერია პერსონალური მონაცემების დაცვა, რაც დარღვეული იყო კონკრეტულ შემთხვევებში.

კოლეგებს ეთანხმებიან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს თავისუფალი ნება, მიიღოს ან არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და თავად გადაწყვიტოს, ვის სასრგებლოდ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

ამავე თემაზე
დღის ამბები