ოზურგეთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს.
ბოლო მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს, ამომრჩეველთა 43%-მა დაუჭირა მხარი, დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს, კი - 42%-მა.
ბეგლარ სიორიძე აცხადებს, რომ ის ელოდა გამარჯვებას, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ამას პირველივე ტურში მოახერხებდა.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, მის წინააღმდეგ უხამსი მეთოდებით და გაერთიანებული ძალებით იბრძოდა ოპოზიცია და შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა მეორე ტური. ბეგლარ სიორიძე დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს.
რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო კანდიდატს ჰქონდა მეტი რესურსი, სხვაობა მათ შორის არის უმნიშვნელო.