თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში, სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას ადვოკატი მივიდა. უფლებადამცველმა სკოლაში ის გადაწყვეტილება მიიტანა, რომელიც უფლებადამცველს გუშინ გვიან ღამით ჩაბარდა. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, დოდო კეზუა სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ადვოკატი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან პედაგოგის გათავისუფლება მისი ბიულეტინზე ყოფნის დროს მოხდა. დოდო კეზუა სკოლის დირექტორის და საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილების ფურცელში არ არის მითითებული არც თარიღი და არც იმ პედაგოგების ინიციალები, რომლებმაც გამოკითხვისას თქვეს, რომ დოდო კეზუა მოსწავლეებზე ზეწოლას ახორციელებდა.
დღეს დილიდან 67-ე სკოლაში პედაგოგების პროტესტი იყო. ერთ-ერთმა პედაგოგმა მიიღო გადაწყვეტილება, არ შესულიყო სკოლაში.
სასწავლო დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს სკოლის დირექტორი.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება 67-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, დღეს უნდა გახდეს ცნობილი.