18 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
გარეწარი, მატყუარა, ცრუპენტელა, არაკომპეტენტური - 67-ე სკოლის ქიმიის მასწავლებელსა და დირექტორს შორის დაპირისპირება გრძელდება 

67-ე საჯარო სკოლაში პედაგოგთა პროტესტი გრძელდება. დღეს მასწავლებელთა ნაწილი გაკვეთილზე არ შევიდა. მიზეზი დირექტორის გადაწყვეტილებაა, რომელმაც ქიმიის მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვა.

სკოლის პედაგოგები დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ცოტა ხნის წინ სკოლაში გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებელი დოდო კეზუა მივიდა.

კეზუა ამბობს, რომ პროცესები, რომელიც 67-ე სკოლაში განვითარდა, დირექტორის მიერ მოფიქრებული სცენარია.

ქიმიის პედაგოგის თქმით, მას არც დისციპლინური კომისიისგან და არც სკოლის დირექტორისგან არანაირი დოკუმენტი არ მიუღია. პედაგოგი განათლების სამინისტროსაც მიმართავს და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ამ გარეწარმა, არაადეკვატურმა, არაკომპეტენტურმა, მატყუარამ, ცრუპენტელამ, რაც მასწავლებელი იყო, ის არის დირექტორი. არაფერი არ მიმიღია, არც დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარისგან, არც სკოლის დირექტორისგან და არც არავისგან, მხოლოდ და მხოლოდ ადვოკატმა მიიღო ბრძანების ფურცელი ყოველგვარი ოქმის გარეშე. ეს ყველაფერი იყო მისი დაქალი ვერიკო აბჟიანდაძის მიერ და მის მიერ დარეჟისორებული სცენარი. რას ელოდება განათლების სამინისტრო, მაინდამაინც ადამიანები უნდა იმსხვერპლოს ამ ინციდენტმა?,“ - აცხადებს დოდო კეზუა.

დოდო კეზუას მხარს უჭერენ პედაგოგებიც. ცირა ნაყეურმა პროტესტის ნიშნად დღეს გაკვეთილების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

„დოდო კეზუა თუ წავა სკოლიდან, ნიშნავს ეს იმას, რომ ძალიან ბევრი პედაგოგი არ უნდა შედიოდეს იმ სკოლაში იმიტომ, რომ დოდო კეზუას ძალიან დიდი დამსახურება აქვს 67-ე სკოლის წინაშე,“ - განაცხადა №67-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ცირა ნაყეურმა.

უკანონოს უწოდებს დირექტორის გადაწყვეტილებას ქიმიის პედაგოგის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ირინა გოჩიტაშვილიც. დოდო კეზურიას მხარს უჭერენ მოსწავლეებიც.

„უკანონოა ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოვჩნდეთ  ანალოგიურ სიტუაციაში და ბიულეტენზე ყოფნის დროს აღმოვჩნდეთ, რომ გათავისუფლებულები ვართ. მე ვაპირებ, რომ გაკვეთილზე შევიდე და ჩავატარო, მაგრამ მე მხარს ვუჭერ იმ პედაგოგებს, რომლებიც ამას აპროტესტებენ,“ - აცხადებს №67-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ირინა გოჩიტაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები