67-ე საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე ელოდებიან. ერთმანეთს პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები უპირისპირდებიან. ნაწილი დირექტორის მხრიდან შურისძიებაზე, მეორე ნაწილი კი, ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას მიერ მოსწავლეებზე განხორციელებული ზეწოლაზე საუბრობენ.
დღეს მასწავლებელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესი ჩაშალა და გაკვეთილზე არ შევიდა. მიზეზი დირექტორის გადაწყვეტილებაა, რომელმაც ქიმიის მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვა. სკოლის პედაგოგების ნაწილი დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ.
პედაგოგების და მოსწავლეების განცხადებით, სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძე მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს.
მარიამ თავართქილაძის მხარდამჭერი მშობლები კი, ქიმიის მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ნათია მახარაშვილი ამბობს, რომ თუ 67-ე საჯარო სკოლიდან ქიმის მასწავლებელს, დოდო კეზუას სამსახურიდან არ გაუშვებენ, მშობელთა ნაწილი გეგმავს, ბავშვები სხვა სასწავლო დაწესებულებაში გადაიყვანოს.
„სკოლას ფინანსური დარღვევები არ აქვს, რაც შეეხება ქალბატონი დოდოს გათავისუფლებას, მივესალმები, რადგან - არა ძალადობას. უამრავი მშობლის სახელით მინდა გითხრათ, რომ პროტესტის ნიშნად ჩვენ ჩვენს შვილებს არ დავტოვებთ ამ სკოლაში,“ - განაცხადა მახარაშვილმა.
მშობლების მეორე ნაწილი კი, დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს და სკოლაში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას.
მარიამ თავართქილაძის საქმიანობა სამინისტროს აუდიტის სამსახურმა უკვე შეისწავლა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ თავართქილაძემ სკოლა უნდა დატოვოს.
რაც შეეხება ქიმიის მასწავლებელს, დოდო კეზუა შესაძლოა პასუხისგებაში მისცენ. დოდო კეზუას მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. მან ჩვენება უნდა მისცეს საქმეზე, სცემა თუ არა მოსწავლე გაკვეთილზე.