18 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
იყო ზეწოლა ბავშვებზე და თვალთვალი მასწავლებლებზე - დოდო კეზუა დირექტორთან დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს

67-ე სკოლის ეზოში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელსაც მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილი მართავს, სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებელი, დოდო კეზუა მივიდა. მას მოსწავლეები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ.

დოდო კეზუა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ის მოსწავლეებზე ზეწოლას ახორციელებდა, უარყოფს. კეზუა იგივე ბრალდებებს სკოლის დირექტორს, მარიამ ლორთქიფანიძეს უყენებს და ამბობს, რომ დირექტორი მასწავლებლებს უთვალთვალებდა, მოსწავლეებს კი აიძულებდა პედაგოგებზე მისივე მითითებით განცხადებები დაეწერათ.

„იყო ზეწოლა ბავშვებზე, მასწავლებლებზე თვალთვალი და ეს მასწავლებლები იყვნენ ლელა კუპრაშვილი და ირინა გოჩიტაშვილი. მას მე ვთხოვე, რომ ბავშვებთან გაენეიტრალებინა სიტუაცია, მაგრამ არ მიიღო ზომები. ბოლოს ჩაიყვანა და უთხრა ბავშვებს, რომ დაწერეთ ყველაფერი ამ ორ პედაგოგზე. ბავშვებმა უთხრეს, რომ არაფერი არ გვაქვს დასაწერი, ძალიან კარგი პედაგოგები არიან და მან უთხრა, რომ სკოლა ჩემია და მე როგორც მინდა ისე წარვმართავ,“-აცხადებს დოდო კეზუა.

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილის პროტესტი გრძელდება. დღეიდან პროტესტის ნიშნად მოსწავლეები და მასწავლებლების ნაწილი სასწავლო პროცესის ჩაშლას გეგმავენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

პედაგოგების ნაწილი აცხადებს, რომ არ ჩაატარებენ გაკვეთილებს მანამ, სანამ სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძე თანამდებობას არ დატოვებს.

თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს პასუხი ამ დრომდე უცნობია.  

საქმე ეხება სკოლის დირექტორის მიერ ქიმიის მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლებას და შესაძლო ფინანსურ დარღვევებს, რის გამოც პედაგოგები დირექტორის გადადგომას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები