18 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
67-ე სკოლის სამეურვეო საბჭო მიმართვის შემთხვევაში დოდო კეზუას გათავისუფლების ბრძანებას გააბათილებს 

67-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრთა განცხადებით, სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის პედაგოგის, დოდო კეზუას მიმართვის შემთხვევაში, საბჭო იმ გადაწყვეტილებას გააბათილებს, რომლის საფუძველზეც კეზუას თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა. ამის შესახებ საბჭოს წევრებმა „რუსთავი 2“-ს განუცხადეს.

საბჭოს წევრები მოსწავლეებს და პედაგოგებს, რომლებიც ამ დრომდე სკოლის ეზოში დოდო კეზუას მხარდამჭერ აქციას მართავენ, მოუწოდებენ განაახლონ სასწავლო პროცესი.

სამეურვეო საბჭოს წევრთა განცხადებებს უკვე უპასუხა დოდო კეზუამ. 67-ე სკოლის ყოფილი პედაგოგი ამბობს, რომ სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო მან უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს.

„თუ კანონმდებლობაში წერია მე სამეურვეო საბჭოს მივმართავ, მაგრამ მე ასე მგონია, რომ პირველი ეტაპი უნდა გავიარო, იქ სადაც აღძრულია ეგ საქმე,“-განაცხადა დოდო კეზუამ. 

სკოლის დირექტორმა მარიამ ლორთქიფანიძემ სასწავლო დაწესებულება ხმაურის ფონზე დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ 67-ე საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი დოდო კეზუა, მოსწავლეებზე განხორციელებული ზეწოლის მიზეზით სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

კეზუა ბრალდებებს უარყოფს და მის გათავისუფლებას დირექტორთან დაპირისპირებას უკავშირებს.

კეზუას ადვოკატის თქმით, მისი სამსახურიდან გაშვება უკანონოა, რადგან დოდო კეზუა ბიულეტენზე ყოფნის დროს გაათავისუფლეს, რასაც კანონი კრძალავს.

სკოლის დირექტორი მარიამ ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ ქიმიის პედაგოგი მოსწავლეებზე ძალადობდა, რის გამო ის სამსახურიდან გაუშვეს.

დოდო კეზუას მხარდამჭერი პედაგოგები და მოსწავლეები კი განათლების სამინისტროსგან სკოლის დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ.

სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა დღეს დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ უწყება სასწავლო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში სწავლობდა, რის შედეგადაც მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის ქონების განკარგვის და მართვის კუთხით.

შიდა აუდიტის ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში, შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან,  მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით.

ამავე თემაზე
დღის ამბები