ომბუდსმენი ე.წ. ციანიდის საქმის საგამოძიებო და სასამართლო პროცესების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე დასკვნას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ განცხადება უჩა ნანუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
სახალხო დამცველის თქმით, მამა გიორგი მამალაძის საქმის გამოძიებისა და სასამართლო პროცესებში უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია.
„სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს იმ დასკვნას, რომელიც ეხება როგორც საგამოძიებო, ასევე სასამრთლო პროცესებზე ამ საქმის მიმდინარეობის დროს დაფიქსირებულ დარღვევებს. თანასწორუფლებიანობის დარღვევაზე იყო საუბარი, უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, პროცესუალურ დარღვევებზე უშუალოდ გამოძიების დროს და ასევე სასამრთლოს მიმდინაროების დროსაც არის გარკვეული ხარვეზები,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მამა გიორგი მამალაძეს მეუფე დიმიტრი დაკავების შემდეგ დღეს პირველად მოინახულებს. ე.წ. მატროსოვის ციხეში მსჯავრდებულის მოძღვარს ამ წუთებში ელოდებიან.
მასთან ერთად, სავარაუდოდ, საპყრობილეში მივა მამა რევაზ სიხარულიძეც. სასჯელაღსრულების დაწესებულებას საშვი ორივე სასულიერო პირზე, უკვე გაცემული აქვს. მეუფე დიმიტრის საპატიმროში შესვლას დეკანოზი დაკავების დღიდან ითხოვდა.