18 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
"ჯერ ისევ "კაპოტზე" მოქეიფეების დროა" - თამაზ მეჭიაურმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნა

თამაზ მეჭიაურმა მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეგობრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ე.წ. "კაპოტზე" სუფრის გაშლით აღნიშნა.

„შეხვედრებზე დადიოდა და ლაპარაკობდა კაპოტზე მოქეიფეების დრო წავიდა რაღა დროს ეგენია ახლა ჩვენი დროა. მე ვუთხარი ჯერ ისევ "კაპოტზე" მოქეიფეების დროათქო,“-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშვნის ამ ფორმით მან ზაქარია ქუცნაშვილს უპასუხა.

სასამართლომ დღეს თამაზ მეჭიაური თიანეთის საარჩევნო ოლქში გამარჯვებულ კანდიდატად დაასახელა. პირველმა ინსტანციამ გააუქმა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლისა და აღდგენის შესახებ. ამის შედეგად, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაური, მის კონკურენტს სახელისუფლებო გუნდიდან, ლელა ქიტესაშვილს, 1 ხმით უგებს.

რაც შეეხება ლელა ქიტესაშვილს, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამაზე ჯერ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვერ საუბრობს. მისი თქმით, ის ამ დავაში მესამე პირია და ეს უნდა გადაწყვიტოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელმაც სასამართლოს საჩივრით მიმართა.

დღის ამბები