განათლების სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში დაპირისპირება გრძელდება. გათავისუფლებული დირექტორი ბრძოლის სტრატეგიაზე თანამოაზრეებთან ერთად მუშობს, თუმცა ქიმიის მასწავლებელს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ საკუთარი გათავისუფლების ბრძანებას სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრებს.
“პირველ რიგში მივმართავთ სამეურვეო საბჭოს. რა თქმა უნდა, უფლება აქვს ბრძანება გააბათილოს, ვინც დაინიშნება მოვალეობის შემსრულებლად. ჯერ ჩვენ გვინდა, რომ მივმართოთ მათ, თუ ჩვენ ვერ მივიღებთ სათანადო პასუხს, მივმართავთ სასამართლოს,“ - აცხადებს დოდო კეზუას ადვოკატი მარინა ძამსაშვილი.
დოდო კეზუას განცხადებით, უარის შემთხვევაში, სასამართლოს მიმართავს.
„უკანონო გადაწყვეტილება იყო, დადგმული სცენარი იყო ქალბატონ მარიამ თავართქილაძის, რომელიც ნელ-ნელა უკვე გამოაშკარავდა. სამართლებრივად ვიბრძოლებთ რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ დავამტკიცო ჩემი სიმართლე,“ - აცხადებს დოდო კეზუა.
ხმაური 67-ე სკოლის ირგვლივ სწორედ მისი სამსახურიდან გაშვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით დაიწყო, რასაც მოსწავლეებისა და მასწავლებელთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
გათავისუფლების მიზეზად მოსწავლეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდებოდა.
„არ იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო მინისტრს. ჩვენ დავგმეთ ძალადობა, ძალადობის შედეგად გამოვლენილი ფაქტები იყო,“ - აცხადებს მარიამ თავართქილაძე.
საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ კეზუას მომხრეები და სახალხო დამცველთან მის საჩივარზე მიუთითებდნენ.