18 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"პრინციპში პოლიციელებს ჩააკვდა ხელში“ - პროკურატურაში ნუცუბიძეზე გარდაცვლილის ახლობლები იკითხებიან

ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრების, მეგობრების და თვითმხილველების დაკითხვა მიმდინარეობს. ისინი ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში იმყოფებიან.

დაკითხვაზე იმყოფება გარდაცვლილი მამაკაცის მეგობარი, რომელსაც მეზობელთან კონფლიქტი მოუვიდა და რომლის გამოც საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს გარდაცვლილის დედაც.

მომხდარზე ძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლითაა დაწყებული. სწორედ პროკურატურამ უნდა დაადგინოს, შეეძლო თუ არა პოლიციის დროულ და სათანადო რეაგირებას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

თვითმხილველების განცხადებით, დაკავებისას მამაკაცმა ხაზგასმით თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა მისი თხოვნა პოლიციამ არ გაითვალისწინა.

„იხვეწებოდა ეს ბიჭი და ჩვენც ფანჯრიდან ვუძახდით, რომ დაანებეთ თავი, ხომ ხედავთ ცუდად არის, აცადეთ ცოტახანს, ამ მომენტში ხდებოდა მისი დაკავება. არ დაუჯერეს, ჩათვალეს, რომ სიმულიანტობდა. იმ დროს ისეთი სტრესი იყო ამ ყმაწვილისთვის, იმიტომ, რომ იყო უპატიოსნესი ბიჭი, მისი სიმთვრალით მეზობლობა არ შეწუხებულა. პრინციპში პოლიციელებს ჩააკვდა ხელში,“ - აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.

თვითმხილველი ამბობს, რომ როდესაც პოლიციელებს უთხრეს მამაკაცისთვის თავი დაენებებინათ, რადგან ახალგაზრდა შეუძლოდ იყო, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ის იყო პროცესებზე პასუხისმგებელი.

„მე ვარ პასუხისმგებელიო, მეზობლებმაც რომ უთხრეს იქ მდგომმა კაცებმა დაანებეთ თავიო, მე ვარ პასუხისმგებელიო, ერთ-ერთმა ასეთი ფრაზა თქვა,“ - აცხადებს თვითმხილველი.

მომხდარზე ძიება გაუფრთხილებლობით, სიცოცხლის მოსპობის მუხლითაა დაწყებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები