უკრაინის მმართველ პარტიაში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას არ გამორიცხავენ. "კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრმა, გრეგორი შვერიკმა განაცხადა. რადას დეპუტატი მიიჩნევს, რომ ის, რაც ოპოზიციის ლიდერის ირგვლივ ხდება, ორ პოლიტიკოსს პეტრო პოროშენკოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პირად ურთიერთობას უკავშირდება.
“ჩემი აზრით მოქალაქეობა ჩამოართვეს იმიტომ, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, პოლიტიკას არ უკავშირდება, ეს უკავშირდება პირად ურთიერთობას ორ პოლიტიკოს შორის. რაც შეეხება იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მის მიმართ, კანონდარღვევა არ არის, თუმცა თავიდანვე იყო რაღაც პრობლემა და ორივე მხარემ ეს იცოდა, ახლა კი ამ პრობლემის წარმოჩენა ხელისუფლებისთვის მომგებიანი გახდა. არ მიმაჩნია სწორი იყოს ექსტრადირება ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, მაგრამ არ გამოვრიცხავ,“ - განაცხადა ფრაქცია "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" წევრმა გრეგორი შვერიკმა.
შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებს მიუხედავად საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და ევროპარლამენტარებთან ერთად დღეს საჯარო ლექცია წაიკითხეს, რომელიც უკრაინის გამოწვევებსა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ეხებოდა.
“ჩვენ წინააღმდეგ პოპულიზმს იყენებენ. ამბობენ, რომ თითქოს 20 ქართველს გადატრიალების მოწყობა სურს უკრაინაში. მიუხედავად ჩემი დიდი წარმოდგენისა ქართველების შესახებ 20 ქართველი ამას ნამდვილად ვერ გააკეთებს. შეიძლება ეს თავში ვიღაცას მოუვიდეს, გენპროკურორს, პრეზიდენტს, მაგრამ ცხოვრებაში ასე არ ხდება. უკრაინაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება მხოლოდ უკრაინელ ხალხს შეუძლია, ისინი ოცნი არ არიან, ისინი 30 მილიონი არიან,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ ღამესაც კარვების ქალაქში გაათენებს, ხვალ კი იმ უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება, სადაც ის წლების წინ თავად სწავლობდა.