მეტრო 300 არაგველის ტერიტორიაზე სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრები პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ.
ამ წუთებში დაკავებულების აღმკვეთი ღონისძიების შესახებ საქალაქო სასამართლო მსჯელობს. თვითმხილველების თქმით, სამივე მათგანის დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ ისანი-სამგორის მე-11 განყოფილების კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
მამა-შვილის, ვაჟა და ვანო ხაჩიაშვილების და თორნიკე ქალდანის დაკავების კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
„გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებებს ანუ ფიზიკური შეხება ჰქონდათ სამივე დაკავებულთან და გვექცეოდნენ, როგორც ქუჩის მაწანწალებს,“ - აცხადებს ზაურ ქალდანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამივე მათგანი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
უწყების ცნობით, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, რის გამოც, პოლიციამ მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
თუმცა, შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულები სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.