75 წლის თამარ ილურიძე დახმარებას ითხოვს. ისანში მცხოვრები მოხუცის ერთადერთი თავშესაფარი ეზოში მოწყობილი ფიცრულია.
თამარ ილურიძე დილას ვაგზლის მოედანზე დადის და ოჯახის 3 წევრისთვის საკვებს თხოულობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა.
190 ლარს მოხუცი ხშირად წამლებში ხარჯავს და საკვებისთვის ფული აღარ რჩება. რამდენიმე დღის წინ კლინიკაში დაწოლა მოუწია და წამლების გამო, რამდენიმე თვის პენსია წინასწარ აიღო.
თამარ ილურიძე ისნის გამგეობაში რამდენჯერმე მივიდა და დროებით ქირით გაყვანას ითხოვდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვისთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შეექმნა. თუმცა, გამგეობიდან ყველა ჯერზე უარით გამოუშვეს.
სამგორის ქუჩაზე მცხოვრები თამარ ილურიძის პრობლემას ისნის გამგეობაში კარგად იცნობენ, თუმცა, მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მისი ქირით გაყვანა ახლა მათთვის პრიორიტეტული არ არის.
75 წლის მოხუცისთვის წინასწარ ნაყიდი წამლის მარაგიც ელევათ, თუმცა, ყველაზე მეტად მაინც ყინვების ეშინიათ.