18 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
თათია სამხარაძე შალვა რამიშვილთან ერთად ღამის კლუბში ხშირ სტუმრობას ახდენდა - რამიშვილის ადვოკატი

შალვა რამიშვილი იმედის ყოფილი ჟურნალისტის, თათია სამხარაძის, მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტს არ ადასტურებს.

ამის შესახებ მისი ინტერესების დამცველმა, ვახტანგ კაპანაძემ, განსხვავებულ აქცენტებში სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი შეფასებით, თათია სამხარაძემ საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით პროვოკაცია მოაწყო.

"ეს არის პროვოკაცია სამხარაძის მხრიდან," - აღნიშნა შალვა რამიშვილის ადვოკატმა. 

ვახტანგ კაპანაძის თქმით, თათია სამხარაძის ბრალდებები დაუსაბუთებელია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„ჩვენს მიერ წარდგენილია მთელი რიგი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ის პერიოდი, რაზეც მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს, რომ ის შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ ზეწოლას განიცდიდა, ზუსტად იმ პერიოდში შალვა რამიშვილთან ერთად ახდენდა ღამის კლუბში ხშირ სტუმრობას. ასევე სხვადასხვა მასალა, სატელეფონო და Facebook-ის ჩანაწერები, რომელიც გამორიცხავს იმ პერიოდში რაიმე სახის იძულებას და ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ,“ - განაცხადა შალვა რამიშვილის ადვოკატმა, ვახტანგ კაპანაძემ.

შალვა რამიშვილის ადვოკატმა უარყო ინფორმაცია, რომ სასამართლო პროცესზე თათია სამხარაძემ ფულადი შეთავაზება მიიღო.

„ჩვენ სამხარაძის წარმომადგენლებთან არაერთხელ გვქონდა შეხვედრა მორიგებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ მოსამართლემ შემოგვთავაზა, რომ მხარეები იქნებ დავფიქრებულიყავით მორიგებასთან დაკავშირებით. ჩვენმა მხარემ, კოლეგიალობიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატებს ვესტუმრეთ, რაზეც სამხარაძიდან კატეგორიული უარი მივიღეთ. შესაბამისად, რაიმე სახის მორიგებაზე საუბარი ზედმეტია,“ - განაცხადა ადვოკატმა, ვახტანგ კაპანაძემ.  

 

დღის ამბები