აქცია პროკურატურასთან - უფლებადამცველები სამართალდამცველებისგან ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, დაკავებისას გარდაცვლილი 34 წლის მამაკაცის საქმეზე სამხრე კამერებით გადაღებული კადრების გასაჯაროებას ითხოვენ.
გარდა ამისა ისინი მინისტრს მოუწოდებენ, გარდაცვლილის ოჯახს ბოდიში მოუხადოს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. პოლიცია ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მეზობლებს შორის არსებული კონფლიქტის გამო მივიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაატა პავლიაშვილი სამართალდამცველებს არ დაემორჩილა, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს კი ის უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
„შეწყდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაკებეს მეთოდების გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ, პავლიაშვილის შემთხვევაში, 2 წუთის გარდაცვლილ ადამიანზე გაავრცელეს კადრები, სადაც საუბრობენ, რომ ის იყო თითქოს ტაბლეტების მომხმარებელი და ცუდი ადამიანი და რადგან ის ცუდი იყო, არაფერ შუაში არ არის ამასთან პოლიცია. პატრულის უფლებებსაც არღვევს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ქმედებებით, იმიტომ რომ ხელის დაფარება ამ შემთხვევაში ართულებს სიტუაციას,“ - აცხადებს ”საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის” თავმჯდომარე გიორგი გაბედავა.
დღევანდელ აქციაზე მონიტორინგისთვის მისული იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.
ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას საპატრულო ეკიპაჟი ხელბორკილებს ადებდა.