საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილების ტექდათვალიერების დაწყება დააანონსა. ყველაზე მასშტაბური რეფორმის დაწყებით, რომელიც მილიონზე მეტ ადამიანს უშუალოდ შეეხება, ორი უმწვავესი პრობლემის მოგვარება იგეგმება.
პირველი მიზეზი, როგორც ამას ტესტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი განმარტავს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაა, ხოლო მეორე ეკოლოგია.
მინისტრის მიერ დასახელებული თარიღი ნაჩქარევად მიაჩნიათ ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს. ისინი მიიჩნევენ, რომ მმართველ გუნდს რეფორმის წარმატებით გასატარებლად არაფერი გაუკეთებია.
კანონმდებლობის თანახმად, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილებისთვის, სამარშტურო ტაქსებისა და მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ტექნიკური შემოწმების გავლა სავალდებულოა, თუმცა 187 ათასი რეგისტრირებული მანქანიდან, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მხოლოდ 14 პროცენტი გადის.
მსუბუქი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების წარმატებით გასავლელად აუცილებელი სტანდარტები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
დღეს მსუბუქი ავტომობილების ნებაყოფლობითი შემოწმება 49 ლარი ღირს, შეიცვლება თუ არა ეს ტარიფი პირველი იანვრისთვის, ჯერჯერობით უცნობია. ქვეყანაში მილიონ ორასიათასი ავტომობილია რეგისტრირებული და 65 პროცენტი 20 წელზე მეტი ხნისაა.
ავტორი: გიორგი გვიშიანი.