18 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ადვოკატი ნუცუბიძეზე გარდაცვლილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ადვოკატი, ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ლევან ვეფხვაძე ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში იმყოფება.

ვეფხვაძე ამბობს, რომ აუცილებელია ოჯახს და მათ უფლებადამცველს გადაეცეს საქმის მასალები, რათა გაერკვეს, გამოძიება რა ეტაპზეა.

ვეფხვაძის თქმით, საქმეში ბევრი უზუსტობა და კითხვის ნიშნები არსებობს. ადვოკატის განცხადებით, გაუგებარია პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ არ არსებობს სამხრე კამერების ჩანაწერები. უფლებადამცველი ამბობს, რომ პროკურატურის განცხადება შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამორიცხავს.

„მთავარი მომენტი არის ის, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობის მომენტიდან, სანამ დადგა ფატალური შედეგი, მანამდე უნდა არსებობდეს გადაღებული კადრები. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არსებობს ასეთი კადრები, მათ შორის ცუდად გახდომის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქმისთვის და პროკურატურა აცხადებს, რომ არ არსებობს. ვიცი ბრალეულობა იკვეთება და რატომ არ არსებობს, ამას გავიგებთ მას შემდეგ, როდესაც გავეცნობით საქმის მასალებს და იმედია, მოგვცემს პროკურატურა იმის საშუალებას, რომ გავეცნოთ მასალებს,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

პაატა პავლიაშვილის ოჯახის ადვოკატი, საგამოძიებო უწყებისგან საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ საქმეზე ძიება სამსახურეობრივი გულგრილობით უნდა დაიწყოს.

ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ კანონით პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია აწარმოოს ვიდეო გადაღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება სამართალდარღვევას, მითუმეტეს დაკავებას.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ არ მუშაობს სამხრე კამერა, არსებობს ავტომობილზე ვიდეო თვალი, რომლითაც უნდა მოხდეს პროცესის დაფიქსირება.

ამავე თემაზე
დღის ამბები