პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით განიხილა. ცვლილებების თანახმად, შრომის ანაზღაურების მაქსიმუმი 10% შეიძლება იყოს პრემია, ხოლო დანამატი მაქსიმუმ 20%. რაც შეეხება ჯილდოს, მას არ აქვს შეზღუდვა.
ოპოზიცია ამბობს, რომ მმართველ გუნდს შემოაქვს ახალი ცნება - ჯილდო, რაც მათი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, კვლავაც უკონტროლოდ გასცენ საბიუჯეტო ხარჯები.
„გამოდის, რომ 65 ათასი სახელმწიფო მოხელე ამ რეგულირებას არ დაექვემდებარება სამომავლოდ. ასე რომ, გვაქვს უამრავი შეკითხვა და მე მგონია, რომ ამ ფორმით ამ კანონის მიღება იქნებოდა სანახევრო ზომა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებულ ვითარებას ეს ჯობია,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი ხათუნა გოგორიშვილი კი ამბობს, რომ ეს არის კანონპროექტი, რომლითაც დარეგულირდება მხოლოდ სახელმწიფო სამსახურის ნახევარი.
„დანარჩენ შემთხვევაში საგამონაკლისო წესიდან გამომდინარე, ისევ გადაწყვეტილების მიღება, რამხელა იქნება ანაზღაურება, რამხელა იქნება შემოსავალი ამა თუ იმ კონკრეტული თანამშრომლის, იქნება ამ უწყების ხელმძღვანელის გადასაწყვეტი. ერთადერთი, რაც იქნება განსხვავება, აღარ ერქმევა ამას არც პრემია, არც დანამატი, უბრალოდ გაჩნდება ახალი სიტყვა, ეს იქნება ჯილდო,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.