18 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
„სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელი დაკავებულია - სამართალდამცველები კომპანიის ოფისში იარაღს ეძებდნენ

დეველოპერულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მფლობელი გიორგი სოზაშვილი დაკავებულია. ვაკეში, „სალვუს დეველოპმენტის“ მთავარ ოფისში სამართალდამცველები რამდენიმე საათია იმყოფებიან. ისინი იარაღს ეძებენ. ასევე, ჩხრეკა მიმდინარეობს გიორგი სოზაშვილის საცხოვრებელ სახლშიც.

საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის კლიენტებსა და დირექტორს შორის დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით დღეს დილით ათზე მეტი მოქალაქე "სალვუსის" ოფისში მივიდა რათა გაერკვია, რატომ შეჩერდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ობიექტის მშენებლობა. საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთი მოქალაქის მტკიცებით მას "სალვუს დეველოპმენტის" დამფუძნებელი იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

დაზარალებული, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანიის დამფუძნებელი მას იარაღით ემუქრებოდა, რამდენიმე გახმაურებული საქმის პროკურორის, ბექა ეჟიშვილი ძმაა. ინციდენტის შემდეგ ეჟიშვილი „სალვუს დეველოპმენტის” ოფისში სამართალდამცველებთან ერთად მივიდა, ვითარება ადგილზე ძალოვნების გამოჩენის შემდეგ დაიძაბა.

"სალვუს დეველოპმენტში" აცხადებენ, რომ პროკურორმა და მისმა ოჯახის წევრებმა ვითარება განგებ გაამწვავეს, რადგან ხელშეკრულების თანახმად რომელიც კომპანია "სალვუს დეველოპმენტმა" მობინადრეებთან გააფორმა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კორპუსს მშენებლობა ერთ წელიწადსა და ორ თვეში, 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს, კომპანიას ვადები არ დაურღვევია, შესაბამისად გაუგებარია, რა ფარული მიზნები ჰქონდათ, ჯერ სიტუაციის ესკლაციას და შემდეგ კომპანიის დირექტორი დაკავებას.

გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები