საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. დეპუტატები ამბობენ, რომ მათ პავლიაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, რომელზეც გიორგი მღებრიშვილმა პასუხი უნდა გასცეს. მაგალითად: სად გაქრა პაატა პავლიაშვილის დაკავების ამსახველი სრული ვიდეო ჩანაწერი? რატომ წყდება სამხრე კამერის მასალა და მთავარი მტკიცებულება სადაც 33 წლის ახალგაზრდის სიკვდილი ასახული უნდა ყოფილიყო? წაშალეს თუ წაიშალა?
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საეჭვო გარემოებაში გამქრალი მთავარი მტკიცებულება პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ადგილზე პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა.
ოპოზიციისგან განსხვავებით საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი მღებრიშვილს მოუწოდებს პარლამენტში არ მივიდეს. ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ევროპული საქართველოს” მოთხოვნა პოლიტიკური შოუს ნაწილია.
ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მიდგომა ქვეყნის იმიჯს აზიანებს. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ პავლიაშვილის საქმის არასრული გამოძიება ხელისუფლებისთვის გირგვლიანის საქმის ტოლფასი იქნება.