18 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
დაკარგული შვილის სახელით გაგზავნილი წერილები - შავ ზღვაში გაუჩინარებული სამხედროს ოჯახს ფულს სძალავდნენ

შავ ზღვაში გაუჩინარებული სამხედროს, გიორგი ნანიტაშვილის, ოჯახს სამი პირი ფულს სძალავდა. ისინი ოჯახს წერილებს დაკარგული შვილის სახელით სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად უგზავნიდნენ.

ისინი ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ, თითქოს, ის თურქეთში იმყოფებოდა და საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. წერილებში აღნიშნული იყო, რომ, თითქოს, გიორგი ნანიტაშვილი ოჯახს 39 ათას დოლარს სთხოვდა.

წერილებში ასევე ეწერა, რომ, თითქოს, ნანიტაშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინა და ის შავ ზღვაში არ გაუჩინარებულა და თავს თურქეთს აფარებდა.

„პირველ წერილში იყო ნახსენები, რომ, თითქოს, გიორგის საქართველოში ისეთი რამე ჰქონდა ჩადენილი, რომ აქ არ დაედგომებოდა, აქ მოკლავდნენ და წასული იყო. იქ დაეხმარა პიროვნება და ამის გადასახდელად ფული უნდოდა. მეორე წერილში მინიშნებული იყო, რომ, თითქოს, უპატრონოდ გვყავდა, მოხედეთ თქვენს შვილს და თქვენ თუ ფულს არ გამოგზავნით, სუს-ს გადავცემ და უფრო მეტ თანხას მომცემენ, თქვენ შვილს ისეთი რამე აქვს გაკეთებული, სუს-ს რომ ჩავაბარო, ჯილდოს სახით დამირიცხავენო,“ - განაცხადა გიორგი ნანიტაშვილის დედამ, სესილია ნანიტაშვილმა.  

შავ ზღვაში გაუჩინარებული სამხედროს ოჯახმა სამართალდამცავებს მიმართეს. ცნობილი გახდა, რომ სამივე პირი დაკავებულია.

სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე გონიოს, ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში გეგმიური სწავლების დროს, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიკარგნენ.

საქმის დეტალებს მაყურებელი 21:00 საათზე კურიერში იხილავს.

 

 

დღის ამბები