ლარი ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში უკვე 2 ლარი და 65 თეთრია. ერთი ევროს ღირებულება კი 3 ლარსა და 9 თეთრს აღწევს.
ერთი საათის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა - ოფიციალური კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის სამი თეთრით გაუფასურდა.
იმპორტიორები ამბობენ, რომ, თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას გააგრძელებს, მაშინ იმპორტირებული პროდუქციის ფასები გაიზრდება.
„ძირითადად სადისტრიბუციო კომპანიების მასა ელოდება იმ ნიშნულს, თუ რა ნიშნული დაფიქსირდება. იგივე დღეს რა ნიშნულზეც არის, ვთქვათ, ამაზეც თუ გაჩერდა, გარკვეულწილად ფასების ცვლილება აუცილებლად მოხდება,“ - განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყოიძე.
ექსპერტები კომერციული ბანკების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა ლარზე, ლარის რესურსზე განსხვავებით კომერციული ბანკებისგან, რომლებიც შეისეირნებენ ეროვნულ ბანკში და გამოიტანენ იქიდან 300-400 მილიონს, როდესაც მოუნდებათ. ახლა უკვე იქ ხაზინის ნაშთებიც განათავსეს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ იმისთვის, რომ ლეგალურად ლარის რესურსი გაიჩინოს, თვითონ უნდა წავიდეს რისკზე. ანუ გადაახურდაოს ის დოლარი, რომელიც მას აქვს. აიღოს თავის თავზე სავალუტო რისკი, გასცეს გრძელვადიანი სესხი თავის კლიენტზე და გასაგები მიზეზების გამოც ეს სესხი იქნება გაცილებით ძვირი, იგივე როგორც ბანკებში,“ - განაცხადა არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის დამფუძნებელმა, გივი კორინთელმა.