18 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ლარი ისევ გაუფასურდა - ეკონომისტები ეჭვობენ, რომ სიტუაცია ხელოვნურად იმართება

ბოლო 10 დღეში ლარი დოლართან მიმართებაში უკვე 12 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დღეს 2.61 ნიშნულზე დაფიქსირდა. კომერციულ ბანკებში ერთ დოლარის შესაძენად უკვე 2 ლარი და 65 თეთრია საჭირო, ერთი ევრო კი თითქმის სამი ლარი და 9 თეთრი ღირს.

ექსპერტებს უკვე ეჭვები უჩნდებათ, რომ პროცესი ხელოვნურად იმართება და შესაძლოა, კონკრეტული პირები ამ რყევების დროს დიდი მოგებას ნახულობდნენ.

ეკონომისტები საგამოძიებო ორგანოებს ფაქტების შესწავლას სთხოვენ.

კურსის ცვალებადობამ უკვე დააზარალა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მათი კლიენტები. ყოველდღიურად იზრდება იმ თანხის ოდენობა, რომელიც მსესხებელმა საფინანსო ინსტიტუტს უნდა გადაიხადოს. კლიენტის შემოსავალი კი არ იცვლება, ამიტომ იზრდება რისკი, რომ გადახდისუუნარო მოქალაქეების რაოდენობაც მოიმატებს.

ლარის კურსის ვარდნამ ფასების ზრდა უკვე გამოიწვია. თუმცა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ერთად, პროდუქტებზე ფასების ზრდა გაგრძელდეს.   

ეროვნულ ბანკში კი პანიკის საფუძველს  ვერ ხედავენ. ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მოქალაქეებს ურჩევს, არ ისარგებლონ უცხოურ ვალუტაში სესხებით.

დღის ამბები