18 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
წერილები შავ ზღვაში გაუჩინარეული ჯარისკაცის სახელით და თაღლითური ჯგუფის 3 დაკავებული წევრი

თაღლითური ჯგუფის 3 წევრი, რომლებიც შავ ზღვაში დაკარგული ჯარისკაცის ოჯახისგან ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილებას გლდანის ციხეში ელოდებიან.

ირკვევა, რომ 1 წლის წინ დაკარგული შვილის, გიორგი ნანიტაშვილის, სახელით მშობლებთან 4 წერილი გააგზავნეს. წერილის ავტორი თავს დაკარგულ ჯარისკაცად ასაღებდა. წერდა, რომ თურქეთშია და პრობლემების მოსაგვარებლად 39 ათას დოლარის გადარიცხვას ითხოვდა.

წერილებში დაკონკრეტებული იყო ანგარიშის ნომერი, სადაც დაკარგული ჯარისკაცის ოჯახს 39 ათასი დოლარი უნდა გადაერიცხა. ნანიტაშვილების ოჯახს ეჭვი პირველი წერილის მიღების შემდეგ შეეპარა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. 

რამდენიმე კვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სამხედრო წვრთნების დროს ზღვაში გაუჩინარებული ჯარისკაცის ოჯახისგან ფულს რეალურად თაღლითური ჯგუფი ითხოვდა. სამხედრო პოლიციამ და პროკურატურამ ბრალდებულის სახით სამი პირი დააკავა.

დაკავებულებიდან ორმა, ადვოკატების ინფორმაციით, ბრალი აღიარა და განაცხადეს, რომ გაუჩინარებული სამხედროს ოჯახისგან თანხის გამოძალვის გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვტეს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი 70 წლამდე მამაკაცია, რომელიც ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. შესაძლოა, გამოძიებამ ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინოს, რომელიც, სავარაუდოდ, თურქეთიდან გამოგზავნილი წერილების ავტორია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე

დღის ამბები