ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი იმ ვიდეომასალას ეხმაურება, რომელიც ნუცუბიძის ქუჩაზე დაკავებისას პავლიაშვილის გარდაცვალებიდან სამინისტრომ მალევე გამოაქვეყნა.
საუბარია კომენტარებზე, სადაც რესპოდენტები საუბრობდნენ გარდაცვლილის ნარკოდამოკიდებულებაზე.
როგორც სოფო ვერძეულმა გადაცემა არჩევანში განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტომ იმ რთულ წუთებში მოიცალა და მოძებნა რესპოდენტები, რომლებმაც გაახმოვანეს უწყებისთვის სასურველი ინფორმაცია.
ვერძეულის თქმით, ამ ვიდეოს გავრცელების მიზანი იყო ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეწვია საზოგადოებაში ნაკლები სოლიდარობა გარდაცვლილი მიმართ და შეექმნა ნეგატიური განწყობა. ამასთან, სოფო ვერძეული ამბობს, რომ სამინისტრო შეეცადა, შეექმნა განწყობა, რომ პავლიაშვილის გარდაცვალება გამოიწვია გარკვეულმა ნივთიერებამ, რომელიც მას ჰქონდა მიღებული.
„ჩვენ ამ ვიდეოში დავინახეთ ის, რომ სამინისტრომ იმოქმედა არაეთიკურად და შეეცადა წინასწარი ვერსიის შექმნას, რაც იყო არასწორი,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.
სოფო ვერძეული გამოეხმაურა ასევე პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერით გადაღებულ მასალას, სადაც, გამოძების ინფორმაციით, არ არის ჩაწერილი სწორედ ის ნაწილი, როდესაც პავლიაშვილი შეუძლოდ გახდა და დახმარებას ითხოვდა.
„ყველას გვესმის, რომ სინამდვილეში ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო ვიდეოკადრები, რომელიც სრულად უნდა აღედგინა განვითარების ეტაპები. ჩვენთვის ამან კიდევ უფრო გაამძაფრა კითხვები, რომელიც უკვე არსებობდა,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.
მისი თქმით, ის თავს იკავებს კონკრეტული პოლიციელების ბრალეულობაზე საუბრისგან, თუმცა აქცენტს აკეთებს სამინისტროს არაეთიკურ ქმედებაზე.
სოფო ვერძეულის თქმით, ამ საქმეში ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე პროკურატურის მხრიდან უფრო მეტი კითხვა გააჩინა. მათ შორის, ხომ არ მოხდა პატრულის სამხრე კამერით ჩაწერილი მასალის წაშლა, რომელიც ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. 33 წლის პაატა პავლიაშვილის მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მას საპატრულო პოლიცია აკავებდა.