ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანა მმართველ გუნდს ამჯერადაც საპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობის გარეშე მოუწევს.
უმცირესობა განხილვაში ჩართვას არ აპირებს და პროცესს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა ახალ ცვლილებებსაც კონსულტაციების გარეშე, ერთპარტიულ რეჟიმში მიიღებს. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ცვლილებების პროცესს, "პოლიტიკურ ფარსს" უწოდებს.
„პარლამენტის თავმჯდომარემ კარი მოუჯახუნა ყველა ოპოზიციურ პარტიას და თქვა, რომ ჩვენ განსაზღვრული გვაქვს უკვე რა უნდა მივიღოთ, ამიტომ კომისიაში საუბარს, დიალოგს, არგუმენტაციას აზრი დაუკარგეს. ასევე ჩვენ წინა კომისიაში ვნახეთ, რომ ისინი კომისიის შიგნით ან საჯარო განხილვებზე ლაპარაკობდნენ ერთს, მაგალითად ამბობდნენ, რომ 2020 წელს ქვეყანა გადავა პროპორციული სისტემით არჩევნებზე და ბოლო მომენტში მერე ცვლიან საკვანძო საკითხებს. ატყუებენ არა მარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ ვენეციის კომისიაც კი გაკვირვებული დარჩა და იმედგაცრუებული საბოლოოდ,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ახალი კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მზადებას იწყებს. დღეს მმართველი გუნდის წევრები, საორგანიზაციო ჯგუფის შემადგენლობას დაამტკიცებენ.
ქვეყნის მთავარ კანონში 4 პუნქტი იცვლება. მმართველი პარტია 2024 წლიდან ე.წ. ბონუსების სისტემას აუქმებს. 2020 წელს ერთჯერადად პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა ექნებათ. ორი ცვლილება კი ტექნიკური იქნება, რაც აღმსარებლობის თავისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების შედეგების გაუქმების საკითხებს დაარეგულირებს.