20 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
გასცენ კითხვას პასუხი, უნდათ ეს ცვლილებები თუ არ უნდათ - თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციას მიმართავს 

გასცენ კითხვაზე პასუხი, უნდათ ეს ცვლილებები, თუ არ უნდათ - ამ კითხვით პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს.

ჩუგოშვილი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტს ეხმაურება და ოპონენტთა პროტესტს პროცესისადმი, "არასერიოზულს და უპასუხისმგებლოს" უწოდებს.

„ოპოზიციამ უნდა გასცეს მარტივ კითხვას პასუხი, მე არ მაქვს პასუხი გასაცემი, მათ აქვთ პასუხი გასაცემი - უნდათ ეს ცვლილებები, თუ არ უნდათ ეს ცვლილებები. ერთადერთი კითხვა გვაქვს ჩვენ მათთან, თქვან უნდათ თუ არ უნდათ. მე ვფიქრობ, რომ მათ მხრიდან უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულება არის და კიდევ ერთხელ თქვან უნდათ თუ არ უნდათ ცვლილებები და მერე გადაწყვიტონ ბოიკოტზე გადიან თუ არ გადიან. მე მგონი ამაზე კითხვებიც არ ჩნდება, პოზა არის და სრულიად უპასუხისმგებლო,“-განაცხადა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ოპოზიცია შეცდომას უშვებს, როდესაც ამბობს, რომ საკონსტიტუციო კომისია იქმნება. მამუკა მდინარაძის განმარტებით, შეიქმნება საორგანიზაციო კომისია, რომელიც ცვლილებების საყოველთაო განხილვების ორგანიზებას მოახდენს.

„მინდა შევახსენო რომ ეს არ არის საკონსტიტუციო კომისია, შეცდომას უშვებენ. ეს არის საორგანიზაციო კომისია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზებას გაუკეთებს საყოველთაო სახალხო განხილვებს. აქაც ფორმალური იქნება პრაქტიკულად იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი არის დასრულებული და ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ოთხი საკითხის გაფორმება, მიღება ახალი ინიცირების ფარგლებში, რომელზეც შედგა შეთანხმება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეციის კომისიას შორის,“-აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ახალი კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მზადებას იწყებს. დღეს მმართველი გუნდის წევრები, საორგანიზაციო ჯგუფის შემადგენლობას დაამტკიცებენ.

ქვეყნის მთავარ კანონში 4 პუნქტი იცვლება. მმართველი პარტია 2024 წლიდან ე.წ. ბონუსების სისტემას აუქმებს. 2020 წელს ერთჯერადად პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა ექნებათ. ორი ცვლილება კი ტექნიკური იქნება, რაც აღმსარებლობის თავისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების შედეგების გაუქმების საკითხებს დაარეგულირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები